ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას დღეიდან ტოვებს, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი ჭიჭინაძე შეირჩა

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას დღეიდან ტოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ უკვე შეარჩია სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ლევან სურგულაძეს ახალი დირექტორის დანიშვნამდე ჩაანაცვლებს.

როგორც საპენსიო სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი ერთ-ერთი მოადგილე, გიორგი ჭიჭინაძე შეირჩა. ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2018 წლის პირველ ნოემბერს დაინიშნა.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 31 იანვრამდე იწარმოებს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ოლივიერ რუსსო შედიან, განცხადებით გასული წლის ბოლოს მიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება საპენსიო სააგენტოს დირექტორის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად „სხვა გეგმების" ქონა დაასახელა.