რუსეთი ხორბალზე შეზღუდვებს აწესებს - გაძვირდება თუ არა ფქვილი საქართველოში

რუსეთმა საკუთარ ხორბალზე კვოტირება/შეზღუდვა დაადგინა. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ დაადასტურა, რომ იანვრის ბოლოს ამუშავდება მექანიზმი, რომელიც საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის შემთხვევაში 20 მლნ ტონაზე არასატარიფო კვოტირების შემოღებას გულისხმობს.

„ეს ნიშნავს, რომ 1-ელ ივნისამდე ანუ 6 თვის განმავლობაში რუსეთიდან ხორბლის გატანის შემთხვევაში საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის კვოტა/შეზღუდვა იქნება შემოღებული. 20 მლნ ტონა საკმაოდ დიდი მოცულობაა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს უფრო გადაზღვევაა, რადგან 20 მლნ ტონის გატანას რუსეთი ისედაც ვერ შეძლებს ამ 6 თვის განმავლობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯერ არ კონკრეტდება, თუ როდის ამოქმედდება ეს მექანიზმი - 2020 თუ 2021 წლიდან. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, უფრო ფიქრობენ, რომ მექანიზმი ამ წლიდან ამუშავდება.

ამ მექანიზმის ამოქმედებით, რუსეთი ცდილობს დაარეგულიროს, რომ ზედმეტი ხორბლის გატანა არ მოხდეს ქვეყნიდან და ამით თავის სასურსათო უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 2019 წელს ქვეყნიდან ხორბლის ძალიან დიდი რაოდენობა გავიდა ექსპორტზე, ახალი მოსავლის პირობები კი არ იციან როგორი იქნება.

ამ მექანიზმის ამუშავების პირველ ეტაპზე შესაძლოა, რუსეთში ფასის ცვლილება მოხდეს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პირველ ეტაპზე, რადგან მისი ამოქმედების მოლოდინი არსებობდა. ერთი ზღვარი იქნება ალბათ, მარტის ბოლოსკენ ან შუა რიცხვებში, როცა ტრადიციულად ახალი მოსავლის ანალიტიკა დგება. რაც შეეხება გავლენებს საქართველოზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე, ეს ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება,“-აღნიშნა სილაგავამ.

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. 2018/2019 წლების სეზონზე კი რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 2019/2020 წლის სეზონზე - 1-ლი ივლისიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უცხოეთში 23 მლნ ტონა ხორბალი გავიდა, რაც 17%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტი 2017/2018 წლების სეზონზე განხორციელდა, მაშინ რუსეთიდან უცხოეთში 52,4 მლნ ტონა ხორბალი გავიდა. რაც შეეხება მოსავალს, რეკორდული იყო 2017 წელი, როდესაც რუსეთში 135,4 მლნ ტონა ხორბალი აიღეს.

თაია არდოტელი