ევრობასკეტმა თურქეთს 64.7 მლნ ევრო მოუტანა, ისრაელს - 44.5 მლნ - რას მისცემს საქართველოს?

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტი გაიმართება.

ეს არის ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთი ხმაურიანი, ხალხმრავალი და პოპულარული სანახაობა.

მომავალი წლის 2-9 სექტემბერს თბილისში 15 მატჩი გაიმართება, ჩამოვლენ NBA-ს, ევროპის ტოპ-კალათბურთელები, ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა უშუალოდ ტრიბუნიდან უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს.

თუმცა ქომაგის სიხარული, ტოპ-ხარისხის სანახაობა თუ ევრობასკეტის მნიშვნელობა ქართული სპორტის განვითარებისთვის, ცალკე, საუბრის თემებია. აქ ქვეყნის სარგებელზე ვთქვათ.

რას მოგვცემს ევრობასკეტი?

რას მისცემს ევრობასკეტი 2021 ჩვენს ქვეყანას? ერთი წლით ადრე კონკრეტულ ციფრს ვერ დავწერთ, მაგრამ რა სარგებელი მოუტანა ბოლო ევრობასკეტმა მასპინძელ ქვეყნებს, ფიბა-ს მოხსენებაში დეტალურად წერია: თურქეთმა, რომელმაც ერთ ჯგუფსა და პლეი ოფს უმასპინძლა 64.7 მილიონი ევრო ისარგებლა; ფინეთმა, რომელმაც ერთი ჯგუფის 15 თამაში მიიღო - 43.3 მილიონი ევრო, რუმინეთმა - 18.3 მილიონი ევრო, ისრაელმა - 44.5 მილიონი ევრო.

შთამბეჭდავი ციფრებია, თუმცა დაკონკრეტებაა საჭირო, საიდან მიიღო, ვინ მისცა, პირდაპირი მოგებაა თუ...ფიბა-მ შვეიცარიულ კოპანიას ევრობასკეტი 2017-ის დეტალური ფინანსური ანალიზი დაუკვეთა და მივიღეთ მკაფიო სურათი, რა სარგებლობა მოაქვს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლებისთვის. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.

300 ათასი ფანინებისმიერი სპორტული ღონისძიებისას შემოსავლის მთავარი წყარო გულშემატკივარია. არც კალათბურთია გამონაკლისი. ევრობასკეტი 2017-ს ჯამში 300.191 ათასი ფანი დაესწრო. ჯგუფური ეტაპის თამაშები ოთხ ქვეყანაში განაწილდა: ისრაელში ჯამში 62.925 ათასი ქომაგი დაესწრო (ამდენი ბილეთი გაიყიდა), ფინეთში - 89.864 ათასი, რუმინეთში 67.759 ათასი, თურქეთში (ჯგუფური ეტაპი+პლეი ოფი) - 85.558 ათასი.

მინდა, ყურადღება გაგამახვილებინოთ ისრაელში ფანების რაოდენობაზე. ჯამში 62.925 ათასი - ცუდი მაჩვენებელი არ არის, მითუმეტეს, რომ ეს ქვეყანა ევროპის ცენტრიდან მეტად მოშორებულია. თუ ევრო-2015-ზე ხორვატიაში სლოვენიის ნაკრების საქმაგოდ ნახევარი სლოვენია მანქანითა და ავტობუსით 2 საათში ჩავიდა, ახლო აღმოსავლეთში გადაფრენას გაცილებით მეტი დრო და ხარჯი სჭირდება.

ისრაელში 63 ათასზე გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება მოსულიყო, მეტი ინტერესი რომ ყოფილიყო: საქართველოს ნაკრების მატჩების გასაშუქებლად თელ ავივში გახლდით და მაინტერესებდა, რამდენი ბილეთი იყო გაყიდული ისრაელი-საქართველოს მატჩზე, 2017 წლის 5 სექტემბერს. შეხვედრის დაწყებამდე საათით ადრე სალაროში მითხრეს - რომელ სექტორში, რა ფასიანი ბილეთიც გინდა პრობლემა არ არისო.

წარმოიდგინეთ, 2021 წელს ევრობასკეტისას, სალაროში საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთი მატჩის დღეს რომ იკითხოთ, რა რეაქციას გადააწყდებით... ჩვენთან ხომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართელოს ნაკრების ყველა თამაშის ბილეთი გაყიდული იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხს კალათბურთი უყვარს, მეორეც - ასეთი მასშტაბის და ხარისხის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში აქამდე არც გამართულა და... იმედია, 2021-ის შემდეგ ჩატარდება.

მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ: საქართველოს ნაკრების თბილისში გასამართ მატჩებზე მინიმუმ 10 ათასი ბილეთი რომ გაიყიდება, წყალი არ გაუვა (რაც უფრო ტევადი არენა აშენდება, მით უკეთესი). ეს რიცხვი გავამრავლოთ "ჯვაროსნების" მატჩების რაოდენობაზე და მივიღებთ - 50 ათასს.

კიდევ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ თამამად - საქართველოში მინიმუმ 3 ათასი ლიეტუველი ქომაგი ჩამოვა. რატომ მაინცდამაინც ლიტველი? - იკითხავთ. საქმე ის არის, რომ ევრობასკეტის ჯგუფის ოთხ მასპინძელს პარტნიორი ნაკრების არჩევის უფლება აქვს. ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის მეგობარია. წინასწარ უკვე არის მოლაპარაკება, რომ საქართველოს პარტნიორი ლიეტუვის ნაკრები იყოს.

ლიეტუველებს კალათბურთი რელიგიამდე აქვთ აყვანილი, ამ ქვეყნის ჟურნალისტები და ქომაგები ისრაელსა და ლიეტუვაში კარგად გავიცანი. ევროპის ჩემპიონატისთვის ისინი მთელი წელი ემზადებიან, შვებულებას ევრობასკეტის დღეებში იღებენ და რამდენიც ლიეტუვადან ჩადის საქომაგოდ, იმაზე მეტი - ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს რომ იცოდა, 2017 წელს ისრაელმა პარტნიორად ამიტომაც აირჩია ლიეტუვა, 2015-ში იგივე გააკეთა ლატვიამ.

ასე რომ, ლიეტუვა ყველასთვის სასურველი სტუმარია, ხოლო 3 ათასი მინიმალური რიცხვია, თბილისში ჩამომსვლელი ლიეტუველებისა. დანარჩენი ოთხი ქვეყნის (რომლებიც ჩვენს ჯგუფში მოხვდება) ქომაგებსაც თუ მივამატებთ, დღესვე შეგვიძლია დავწეროთ, რომ 2021 წელს თბილისში გასამართ 15 მატჩს 70 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. იმაზე მეტი, ვიდრე 2017-ში ისრაელში.

საიდან ამდენი?

ორი მთავარი რიცხვი გვაქვს - გულშემატკივრების რაოდენობა და შემოსავალი ევრობასკეტის მასპინძლობის შემდეგ. თუმცა, ჩვენ ერთი კონკრეტული ჯგუფის მასპინძლის ანალიზი გვაინტერესებს. საქართველოც ხომ ერთი ჯგუფი თამასებს მიიღებს. შევთანხმდეთ, რომ რუმინეთი ინდიკატორად არ გამოგვადგება, რადგან იქ თამაშები ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა. არც სტამბოლი ივარგებს პარალელისთვის, რადგან ამ ქვეყანაში ორი ეტაპი იყო - ჯგუფური და პლეი ოფი. გვრჩება ფინეთი და ისრაელი.

მოდით, განვიხილოთ ისრაელი. ისევე როგორც თელ-ავივში, გულშემატკივრები თბილისშიც ვერ მოხვდებიან თვითმფრინავის გარეშე. ისრაელიც შორსაა ევროპის შუაგულიდან და საქართველოც. თან, 2017 წელს ევრობასკეტის მატჩებს სწორედ თელ-ავივში დავესწარი და ვეცდები, მკაფიო წარმოდგენა შეგიქმნათ, რა ხდებოდა იქ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას.

ისრაელმა 44.5 მილიონი ევრო მოიგო. 41.3 მილიონი უშუალოდ თელ-ავივმა, 3.3 მილიონი მის გარეთ. აქ მცირე განმარტებაა საჭირო: გულშემატკივრები უცხო ქვეყანაში მხოლოდ კალათბურთის საყურებლად არ ჩადიან. მაგალითად, 2017 წელს ორი დღე დასვენება იყო, ორივე დღეს იერუსალიმში გავემგზავრე. იქ კი უამრავი გერმანელი, უკრაინელი, ლიეტუველი და იტალიელი დამხვდა. სწორედ ამ ქვეყნის გუნდები იყვნენ ჩვენს ჯგუფში. 2011 წელს კლაიპედაში ლუდი "შვიტურისის" ქარხანაში ექსკურსიაზე მოვხვდი, უნდა გენახათ, რამდენი სლოვენიელი და რუსი გულშემატკივარი დააბიჯებდა ჩემთან ერთად.

დიდი საკალათბურთო ქვეყნების ქომაგებს კარგად აქვთ ჩამოყალიბებული გულშემატკივრობის კულტურა - თავისუფალ დროს უცხო ქვეყანას ათვალიერებენ, თამაშისას განუწყვეტლივ მღერიან, ხოლო მატჩის შემდეგ იმდენ ლუდს სვამენ, ისე ერთობიან, თქვენი მოწონებული. იხილეთ სრულად