რას ვყიდით ირანში - ტოპ-10 საექსპორტო პროდუქტი

ხორცი, ფეროშენადნობები, მინის ჭურჭელი, სიგარები, ხე-ტყის მასალა - ეს იმ პროდუქტების ნააწილია, რომელიც საქართველოს ირანში გააქვს ექსპორტზე.

ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომლის ექსპორტიც ირანში საქართველოდან ხორციელდება, „ბიზნესპრესნიუსმა“ საქსტატისგან გამოითხოვა.

პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, 13,414.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი - 12,042.8 ათასი აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა - ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი, რომლის ექსპორტიც საანგარიშო პერიოდში - 10,794.9 ათასი დოლარი იყო. მე-4 და მე-5 პოზიციებს სინთეზური მონოძაფები და რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები იკავებენ, შესაბამისად, 6,720.6 ათასი და 3,833.7 ათასი აშშ დოლარით.

ირანში ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე: სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან (ათასი ღერი); მინის ჭურჭელი; პოლიამიდები პირველადი ფორმებით; ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით და მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან.

თაია არდოტელი