საწვავის 30% რუსეთიდან შემოდის

2019 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1096,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,9 ათასი ტონით ანუ 0,26%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1098,9 ათასი ტონა). ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 544,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 551,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით).

ამასთან, საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 355,6 ათასი ტონა, ანუ 65,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 176,9 ათასი ტონა, ანუ 32,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 11,8 ათასი ტონა, ანუ 2,2%.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია პრემიუმი ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტის წილობრივი მაჩვენებელი დაახლოებით, 4%-ით, რეგულარის ტიპის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე.

"ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 329,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 300,0 ათასი ტონა (27,4%), აზერბაიჯანი - 170,2 ათასი ტონა (15,5%), თურქმენეთი - 119,4 ათასი ტონა (10,9%); ბულგარეთი - 92,4 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთი - 60,7 ათასი ტონა (5,5%), თურქეთი - 19,8 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.

წლის პირველ ნახევარში დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა იყო უარყოფითი, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ის გამოსწორდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ წესით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო ისევე როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ.. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პერიოდულობით ჩნდება აღურიცხავი პროდუქცია, რაც არ იძლევა ამის საშუალებას.

რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს",- ნათქვამია განცხადებაში.