ოთარ დანელია სარესტორნო ქსელის 30-მდე ბიზნესოპერატორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სარესტორნო ქსელის 30-მდე ბიზნესოპერატორს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რესტორნების მეპატრონეებთან შეხვედრაზე ერთმანეთთან ურთიერთობის წესებზე შეთანხმდნენ. დანელიას თქმით, სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია არ იქნება ჩასაფრების პოზიცია, მაგრამ არის მინიმალური ნორმები და სტანდარტები, რასაც არ დათმობენ.

"ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა გარემოებას, მაგრამ არის მინიმალური ნორმები და სტანდარტები, რასაც ვერანაირად ვერ დავთმობთ, ვინაიდან ადამიანების ჯანმრთელობა უმთავრესია. რესტორნების მეპატრონეებთან გვინდოდა ძალიან გამჭვირვალე კომუნიკაცია, რასაც ჩვენ ტრადიციად დავნერგავთ. გვექნება ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა რესტორანთან. შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის წესებზე. ეს არ იქნება ჩასაფრებულის პოზიცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, ეს იქნება ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით. ჯამში ამის მიზანი არის როგორც მათი იმიჯის ამაღლების დამკვიდრების ძალიან კარგი შესაძლებლობა, ასევე ჩვენთვის მაქსიმალური კონტროლის დაწესება, იმისთვის, რომ მივიღოთ მაქსიმალურად უვნებელი სასურსათო გარემო აბსოლუტურად ყველა რესტორანში, კვების ყველა ობიექტზე. ასევე, ბაღებსა და სკოლებში ჩვენ შეძლებისდაგვარად გავამკაცრებთ კონტროლს", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას "თაღლაურას" წარმომადგენლებს რესტორნების დახურვის ფაქტთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუხატავთ, თუმცა, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი პროტესტს არ ექვემდებარება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან ღვინის ხარისხის კონტროლი რესტორნებში უფრო ინტენსიური იქნება. "1-ელი იანვრიდან ჩვენ ვიწყებთ ღვინის ხარისხის კონტროლს იმისთვის, რომ არც ერთ ობიექტზე და არც რესტორანში არ იყოს ფალსიფიცირებული ღვინო. რესტორანში ღვინის მოხმარება დიდია, ამიტომ იქ ინსპექტირებები უფრო ინტენსიური იქნება. ეს ერთის მხრივ, დარგის ხელშეწყობაცაა. თავის მხრივ, არის უვნებლობისა და ფალსიფიცირების მინიმუმამდე დაყვანის ღონისძიებებიც", - განაცხადა ოთარ დანელიამ.