პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამმართველომ (UOKiK) კომპანია Volkswagen Group Polska 120 მილიონი ზლოტით (31,6 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. Volkswagen-ს პოლონეთის ბიუროს სანქცია მომხმარებელთა მანიპულაციის გამო დაეკისრა, რომელიც გამონაბოლქვი გაზების მაჩვენებელის გაყალბებას უკავშირდება.
ეს ჯარიმა არის ერთ-ერთი ჯარიმათაგანი, რომელიც კომპანიას 2015 წლის „დიზელგეიტის“ შემდეგ დაეკისრა. როგორც ცნობილია, მაშინ კომპანიამ აღიარა, რომ სპეციალური ჩიპის გამოყენებით აყალბებდა გამონაბოლქვის შესახებ რეალურ მონაცემებს, მის მიერ წარმოებულ დიზელისძრავიან ავტომობილებში, მათ შორის, Volkswagen, Porsche, Audi და Seat ბრენდების ქვეშ. საუბარია ძრავებზე EA189.
შედეგად კი კომპანიაზე ამ სკანდალის გამო დღემდე დაკისრებულმა ჯარიმებმა ათობით მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, კონცერნი ვალდებული გახდა ან უკან გაეწვია ამ ძრავიანი ავტომობილები, ან ისინი უკან შეესყიდა. შედეგად კი გაწვევას დაექვემდებარა 11 მილიონი ავტომობილი.
სკანდალი ჯარიმებით არ დასრულებულა, ამის გამო დააპატიმრეს Porsche-ს ძრავების შემქმნელი იორგ კერნერი, Porsche-ს მართვის ყოფილი წევრი ვოლფგანგ ჰაცი, Audi-ს ყოფილი თავკაცი რუპერტ შტადლერი, Volkswagen-ის ტოპ-მენეჯერი ოლივერ შმიდტი და Volkswagen-ის კონცერნის ხელმძღვანელი მარტინ ვინტერკორნი.