იაპონიის უმსხვილესი საავტომობილო კომპანია Toyota ამერიკულ Joby Aviation-ში 400 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. კომპანია Joby Aviation-ი დაკავებულია მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების შექმნითა და შემუშავებით, მათი შემდგომი გამოყენებისთვის, როგორც ტაქსი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იაპონური კონცერნი ავრცელებს.
„საჰაერო გადაყვანები გრძელვადიანი მიზანი იყო კომპანიისთვის. ჯერ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბიზნესს საავტომობილო მიმართულებით, თუმცა ამჟამინდელი შეთანხმება საშუალებას გვაძლევს გავიხედოთ ზეცისკენ. ვაპირებთ, გადავჭრათ საჰაერო გადაყვანების საკითხი Joby-სთან ერთად და განვავითაროთ პოტენციალი სხვაგვარ სატრანსპორტო სფეროში“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ.
ორივე კომპანია აპირებს, განავითაროს მფრინავი ტაქსების ტექნოლოგიები სამომავლოდ მათი მასიურად გამოყენების მიზნით. თანამშრომლობის უფრო მეტ კონკრეტულ გეგმებზე მხარეები მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას.
ამ დროისთვის Joby Aviation-ს უკვე აქვს მოდელი S4 6 როტარით და ელექტრო ძრავებით. ეს სატრანსპორტო საშუალება ოთხი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს დაახლოებით 200 კმ მანძილის სიშორეზე. ამჟამად კი კომპანია მუშაობს 12 როტარიან ტაქსიზე.