254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - რა დარღვევები აღმოაჩინა საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ მოხელეთა დეკლარაციებში

254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს სულ 596 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც დადებითად მხოლოდ 237 შეფასდა.

უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო.

მათივე თქმით, დარღვევების 41% მოდიოდა უძრავი ქონების გამოტოვებასა ან/და არასწორად მითითებაზე, 38% საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების არასრულად შევსებაზე, 24% დეკლარაციში არ იყო დადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა ან არ იყო მითითებული ძველი საწარმოები, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ქონიათ;

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დარღვევების 22%-ში დეკლარანტს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს.

ამასთან, დეკლარაციების 11%-ის უარყოფითად შეფასება კი იმან განაპირობა, რომ დოკუმენტები კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს.