საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს.

ამასთან, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში სააგენტომ კერძო სექტორს 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით ნოემბრის ბოლოს წარუდგინა.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული კამპანიისთვის სპეციალურად შემუშავდა ციფრული ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია ყველა საინვესტიციო პაკეტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონს და ჩაერთოს ვაჭრობაში. აღნიშნულ პლატფორმას მუდმივად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.

კამპანიის დაწყებიდან 7 კვირაში უკვე გაიყიდა 38 ქონება, სულ 47 682 200 ლარად. მათ შორის, 7 510 000 ლარად მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, 10 005 000 ლარად - თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, 3 703 000 ლარად ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ქალაქ თბილისში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 3 085 000 ლარად; თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 2 717 000 ლარად და აშ.

ნინი ქეთელაური