როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი რეგულაციების შემდეგ? - ინტერვიუ MBC-ის გენერალურ დირექტორთან

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე 48 კომპანია ოპერირებს.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში მათი რაოდენობა 55-ს შეადგენდა, დაახლოებით, 6 თვეში კი 7-ით შემცირდა.

აღნიშნული ტენდენცია 2019 წლის ივლისამდე გრძელდებოდა. ეკონომისტთა ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან გასვლას ეროვნული ბანკიs რეგულაციებს უკავშირებდა.

როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი განმარტავს, ეროვნული ბანკის რეგულაციები ბაზარზე სწორი და სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას ემსახურებოდა და ხანგრძლივ პერსპექტივაში ასეც ხდება.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 1-ლი სამი კვარტლის მონაცემებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი მხოლოდ 2% -ით გაიზარდა, ახალი თამაშის წესები ბაზრისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან მომხმარებლებში ნდობის ფაქტორი აამაღლა და პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს უკეთ პოზიციონირების საშუალება მისცა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრისა და კონკრეტულად, MBC-ის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი გვესაუბრა. კომპანიამ მიმდინარე წელს 3 750 000 დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ამასთან, თუ ზოგადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფორტფელი 2%-ით გაიზარდა, MBC-ის შემთხვევაში მან 20%-ით შეადგინა. საინტერესოა, როგორ წელი ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიაციებს და მათ შორის, MBC-ის?

მაღალი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და მომხმარებელთა ნაწილისთვის მიუღებელი პირობების გამო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის რეგულაციებიც სწორედ ამ მდგომარეობის საპასუხო იყო. კომპანია MBC-ის შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მომხმარებელში ნდობა არ დაგიკარგავთ. რის ხარჯზე მოხდა ეს?

ფინანსური განათლება ძალიან დიდ როლს თამაშობს სესხის გამცემ ორგანიზაციასა და მსესხებელთან ურთიერთობაში. პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ, რომ კლიენტებს ჩვენი პროდუქტის არსი და უპირატესობა ნათლად ავუსხნათ. ორიენტირებული ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, ამიტომ კლიენტი მთელი ამ თანამშრომლობის პერიოდში რწმუნდება ჩვენს სანდოობაში.

ჩვენ არ ვართ ორიენტირებული დღევანდელ მოგებაზე. თუ თანამშრომლობა ორმხრივად არ იქნება მომგებიანი და მხოლოდ სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის იქნება ხელსაყრელი, ეს იქნება მოკლევადიანი ინტერესი. რა თქმა უნდა, ასეთ თანამშრომლობაზე კლიენტი გრძელვადიანად არ წამოვა და აუცილებლად დავკარგავთ მას.

საინტერესოა, ვინ არიან თქვენი მომსახურების მიმღები პირები, რას საქმიანობენ ისინი და რა მიზნით სარგებლობენ MBC-ის შეთავაზებით?

ჩვენი მომხმარებელი პირველ რიგში დამწყები ბიზნესმენი ან ზოგადად, ადამიანია, რომელიც ახლა იწყებს საფინანსო სექტორთან თანამშრომლობას ან ეს არის მცირე მეწარმე. მეწარმეები იყოფიან ორ კატეგორიად: ერთნი შედარებით, მსხვილი ბიზნესით არიან დაკავებული და ისინი ჩვენს სამიზნე კატეგორიას არ წარმოადგენენ და არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ჩვენს სამიზნე კატეგორიას წარმოადგენენ.

საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი თვითდასაქმებულია და უნდა ვიგულისხმოთ, რომ ისინი იშვიათი გამონაკლისის გარდა, წვრილი და საშუალო ბიზნესის სექტორს მიეკუთვნებიან, ასე რომ, ჩვენი სამიზნე კატეგორია საკმაოდ უხვად არის წარმოდგენილი. სწორედ ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსო სექტორს საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს განვითარებისთვის. ჩვენ მათ ვაძლევთ ფინანსურ რესურსებზე წვდომას და განვითარების სწრაფ შანსს.

რაც შეეხება ჩვენი შეთავაზებების მიმზიდველობას, რა თქმა უნდა, ამას პროდუქტის ფასი განაპირობებს. ჯერ კიდევ, ბაზარზე არსებული არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები წლიურ ეფექტური საპროცენტო განაკვეთს სხვადასხვა ხარჯის სახით ნიღბავენ, ფინანსური განათლების დეფიციტის გამო კი მომხმარებელთა ნაწილს ამის ამოცნობა უჭირს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ავუხსნათ და ამგვარი დამოკიდებულება ცხადია, MBC-ის სერვისის მიმზიდველობას ქმნის და ნდობას ამაღლებს.

როგორც ვიცი, დაინტერესებულ პირებს ფინანსური მრჩეველი უფასოდაც ემსახურება. რას გულისხმობს ეს პროგრამა?

ფინანსური მრჩეველი როგორც თბილისში, რეგიონებში დაინტერესებულ პირებს, იქნება ის ჩვენი მომხმარებელი თუ არა, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დახმარებას უწევს.

ამავე დროს, ვეხმარებით ბიზნეს-გეგმების შედგენაში ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ მცირე ბიზნესს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები და ვთანამშრომლობთ მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და უსასყიდლოდ ვუწევთ დახმარებას სხვადასხვა პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ზუსტად ამ ფინანსური განათლების ამაღლებასთან, რომ კლიენტებისთვის უფრო ნათელი გახდეს პროდუქტების ავკარგიანობა.

გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ბაზარზე იაფი პროდუქტების შემთავაზებლები ვყოფილიყავით. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მცირე მეწარმები, რა თქმა უნდა, სესხის ღირებულებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებს, როგორ აისახა ის ზოგადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარსა და კონკრეტულად, MBC-ის საქმიანობაზე?

ცვლილებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა და შეზღუდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, ჩვენთვის ეს იყო არამც თუ პრობლემატური, არამედ პირიქით, ძალიან მისასალმებელი. ჩვენი ეფექტური საპროცენტო განაკვეთები არასდროს არ იყო ახლა დაწესებული ზედა ზღვარის ზემოთ. ჩვენ გაცილებით უფრო ქვედა დიაპაზონში ვოპერირებდით, ვიდრე კანონმდებლობა დღეს იძლევა ამის საშუალებას. საბედნიეროდ, შეიზღუდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც გაცილებით უფრო ძვირ პროდუქტებს სთავაზობდნენ მომხმარებელს და ამით ბუნებრივად უბიძგებდნენ მათ გარკვეული დეფოლტისაკენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ფინანსური ორგანიზაციის დანიშნულება.

ვერ ვიტყოდი, რომ რეგულაციების შედეგად კონკურენცია შემცირდა, რადგან თამაშის წესები დაიხვეწა. დატოვეს ბაზარი განსხვავებული ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიებმა, რომლებიც გაცილებით მაღალრისკიან კლიენტურაზე იყო ორიენტირებული და მომხმარებელს სთავაზობდნენ დაწესებულ ზედა ზღვარზე გაცილებით ძვირადღირებულ პროდუქტს.

ჩვენი პროგნოზით, უახლოეს წლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება და ბაზარზე დაახლოებით, 15-20 კომპანია გააგრძელებს ოპერირებას. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც ბაზარზე დარჩება, გაცილებით უფრო ცნობადი იქნება, გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ამით მომხმარებელი მხოლოდ მოიგებს.

დღეს, MBC-ის რა ადგილი უჭირავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე?

2018 წლამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური პორტფელი ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდებოდა, როცა 2019 წლის სამი კვარტლის მონაცემებით პორტფელის ზრდამ მხოლოდ 2% შეადგინა. ამასთან, უპრეცედენტოა, რომ მიკროსაფინანსო სექტორი მიმდინარე წელს ამთავრებს ზარალით და არა მგონია, რომ მეოთხე კვარტალში ეს სურათი შეიცვალოს, რადგან ჯამში მთლიანი სექტორის ზარალი 16 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ფონზე თუ ჩვენ ჩვენი კომპანიის შედეგებს გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მიმზიდველად გამოვიყურებით, იმიტომ რომ MBC-ის მოგება 9 თვის შედეგების მიხედვით, 3 მილიონ ლარს აღემატებოდა და ჩვენი საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მთლიანად სექტორისა. ანუ სექტორი თუ 2%-ით გაიზარდა, ჩვენ გავიზადეთ 20%-ით. ჩვენი კომპანია დღეს ბაზარზე სიდიდით მეოთხეა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სულ 6 წლის ისტორია აქვს კომპანიას, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი და წარმატების მომცემი შედეგია. ყველა ის რიცხვი, რაც დავასახელე, ჩვენ საკმაოდ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს MBC-ში.

ბაზარზე ამგვარი პოზიციის დამკვიდრების პირობებში როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

2020 წლის გეგმები საკმაოდ ამბიციურია. მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კომპანიამ ახალი თამაშის წესების მიმართ ადაპტაცია მოახერხა, ამიტომ 2020 წელი უკვე იქნება მნიშვნელოვან ზრდაზე ორიენტირებული წელი.

ვაპირებთ, რომ 2020 წლიდან გავხსნათ 4 ან მეტი სერვის ცენტრი ყოველწლიურად. ეს ყველაფერი იქნება ორიენტირებული რეგიონებზე. შესაბამისად აქტიურ რეჟიმში გვიწევს სერვის ცენტრების ახალი კადრებით დაკომპლექტება. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მუშაობით დაინტერესებული როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები კანდიდატები და დავასაქმოთ ისინი. ჩვენი მიზანია ქსელის განვითარება რეგიონებში და იმ სამიზნე კატეგორიასთან უფრო ახლოს მისვლა, რომელიც ჩვენი კომპანიის ინტერესს წარმოადგენს. ამ სამიზნე კატეგორიის დიდი წილი არა ქალაქების, არამედ სოფლის რეგიონებში ცხოვრობენ და ჩვენც მივდივართ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად პროდუქტებს კიდევ უფრო დავხვეწთ და ჩვენს მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვან სერვისებს შევთავაზებთ.