"ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

საგამოფენო ცენტრის მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში წინასწარ რეგისტრირებულ დასაქმების მსურველებს პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ. ფორუმი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს. მასზე დარეგისტრირების შესაძლებლობა 25 ათას ადამიანს ჰქონდა. თუმცა, რეგისტრაცია 5507-მა დასაქმების მსურველმა გაიარა.

დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ გახსნა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი დღესვე დასაქმდება.

გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. ასევე თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა სტურუა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.

როგორც ქეთევან ნატრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილები არიან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობენ.

დასაქმების ფორუმზე 180-მდე კომპანია არის წარმოდგენილი, მათ შორის არის ჰოლდინგი "პალიტრა მედია" და წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი". ისინი კანდიდატებს ჰოლდინგში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებას სთავაზობენ.