საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გახსნა. ამის შესახებ გაზისა და ნავთობის კორპორაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.
„თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს. გამოიმუშავებს წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას, რაც საქართველოს ელექტროგენერაციის 11%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის ყველა მარეგულირებელი ჰესის, (ენგურის კასკადის ჰესების გარდა) ჯამურ გამომუშავებას.
ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიური იქნება, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, თბოელექტროსადგური მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდაში და არსებითად შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას.
„ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციისთვის რიგით მეორე ელექტროგენერაციის ობიექტია, რომელიც ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდაში და არსებითად შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. სადგურის მშენებლობაზე 450-მდე ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული, ხოლო ოპერირების ეტაპზე შეიქმნება დაახლოებით 200 მუდმივი სამუშაო ადგილი“ - განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ.
კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი ჩინური კომპანიის China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC) დირექტორმა, უენ შუე მინმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ლი იანმა.
თბოელექტროსადგურის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბანკების წარმომადგენლები.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი სფერო ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებულ მომარაგების უზრუნველყოფა, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
კომპანია საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, ამავდროულად, აქტიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ლოგისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings“-ს მიერ მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.