პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართ მაღალი ნდობა არაა, რადგან უწყებაში ოდიოზური ბიზნესმენების ინტერესების დაცვის ნიშნები შეიმჩნევა.
შესაბამისი განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო ენუქიძეს წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.
„არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენი სამინისტროს მიმართ განსაკუთრებულად ნდობა არაა, იმიტომ რომ სხვა ჯგუფებზე მუშაობის, გავლენიან ოდიოზურ ბიზნესმენებზე მუშაობის და მათი ინტერესების დაცვის ნიშნები შეიმჩნევა. ამიტომ, კონკრეტულად წარმოგვიდგინეთ ის მასალა და კვლევა, რის გამოც ეს კანონპროექტი შეიმუშავეთ“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა მინისტრის მოადგილეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც ნინო ენუქიძემ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებების შედეგად, წიაღისეულის ლიცენზიანტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი წესით, გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის მიზნით მიიღონ მიწის ნაკვეთები ლიცენზიის მოქმედების ვადით, რომელიც მაქსიმუმ 49 წლითაა განსაზღვრული, რაც წიაღირსეულის ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს.
დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდნენ, კონკრეტულად რა საჭიროებებითაა გამოწვეული ცვლილებები და რომელი კომპანიების მიერაა გამოხატული დაინტერესება.
„ჩვენ გვინდა დავინახოთ სურათი. თქვენ გამოგაქვთ საკითხები, რომლებზეც საუბრობთ და იმის იქით რა ხდება ჩვენ არ ვიცით. ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ პრეზენტაცია გააკეთა საგრანტო პროგრამის, მოგმართეთ კითხვით, რომ პროექტი გადმოგეგზავნათ და ეს პროექტი რაღაც პიარპროექტი უფრო იყო, ვიდრე საქმე. ამიტომ გვითხარით რა კვლევაა ამ თვალსაზრისით ჩატარებული, რამდენი განაცხადია ეკონომიკის სამინისტროში, კონკრეტულად რა წიაღირსეულზე და რომელ კომპანიებზეა საუბარი?“-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.