რაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა - „მყიდველების რაოდენობა სულ უფრო იზრდება“

წელიწადნახევარში ლაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იდეის - „დაკარგული სამოთხე“ ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მყიდველების რაოდენობა სულ უფრო მზარდია. ამასთან, სახლების ღირებულებამაც შედარებით მოიმატა. კერძოდ, როგორც ლექსო ჩარკვიანი აცხადებს, ყველაზე დაბალფასიანი - 1500 ლარად, ხოლო, ყველაზე ძვირი - 9000 დოლარად გაიყიდა.

"დაკარგული სამოთხის" ავტორის განმარტებით, მიტოვებული სახლების მყიდველებიც ადგილობრივები არიან.

„დაკარგული სამოთხე“ - ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.

რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

ლექსო ჩარკვიანმა აღნიშნული კამპანია 2018 წლის ივნისიდან წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, მასში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონიდანაც გამოითქვა.

ლექსო ჩარკვიანი: - „ამ დროისთვის უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა. დაინტერესება ძალიან დიდია, უბრალოდ, რადგან ეს ჩემი კამპანიაა, თითქმის მთელმა ლეჩხუმმა გაიცნო და სახლების გაძვირებას ზოგიერთი მეც კი მაბრალებს. სულ ახლახანს გაიყიდა ყველაზე კარგი ვარიანტი, ორსართულიანი სახლი 3000 ლარად. ყველაზე დაბალფასიანი 1500 ლარი ღირდა, ყველაზე ძვირი კი - 9000 დოლარი. საერთოდ, ვცდილობ ისეთი სახლები შევარჩიო, რომელსაც ხალხი შესწვდება.

უკვე თითქმის მთლიანი ლეჩხუმის სოფლები ავითვისე. ახლა გადაღმა ლეჩხუმშიც შევედი და 7 კარ-მიდამო გაიყიდა, უკვე გადაფორმების პროცესში არიან.

ჩემს „ფესბუკ“ გვერდსაც თუ გადახედავთ, გამომწერების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. უბრალოდ, როდესაც სახლზე განცხადებას ვდებ, პირდაპირ მეპატრონის ტელეფონს ვუთითებ და მყიდეველები მას უკავშირდებიან, ამიტომ ჩემთან დაკავშირება აუცილებლობას არ წამოადგენს“.

როგორც „დაკარგული სამოთხის“ იდეის ავტორი ამბობს, სურვილი აქვს, რომ წამოწყებამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას, თუმცა ენთუზიაზმზე სოფლების გამოცოცხლება არავის უნდა.

„ჩემი სურვილი ვერ ხორციელდება, რადგან ხელფასს ითხოვენ, ტყუილად ხომ არ ვივლითო და მე როგორ მივცემ ფულს?! მაშინ უძრავი ქონების საააგენტო უნდა დავაფუძნო... ენთუზიაზმზე არავის უნდა ამ საქმის კეთება“,-აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.

რაც შეეხება „დაკარგული სამოთხის“ ავტორის სამომავლო გეგმებს, როგორც ლექსო ჩარკვიანი ამბობს, სურვილი აქვს, რომ სულ მალე 100 სახლი გაყიდოს, შემდეგ კი ყველა სახლის მეპატრონეს ერთად უმასპინძლოს - „ძალიან მინდა, რომ ნააღდგომევს 100 კარ-მიდამო „შევასრულო“ და ყველა ერთ ეზოში დავპატიჟო. ვნახოთ, რა გამოვა. მერე იქ გამოჩნდება, ლექსო ჩარკვიანი ამ საქმით ფულებს აკეთებდა თუ არა“.

ნინი ქეთელაური