დღეს დადასტურდა, რომ საქმეში არათუ ფულის გათეთრების მტკიცებულება არ არსებობს, თაღლითობის და მოტყუების ფაქტსაც არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.
როგორც კორძაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ წარმოებულ საქმეს იურიდიული საფუძველი არ აქვს.
„დღეს წარმოდგენილი იყვნენ „თიბისი ბანკის“ ის თანამშრომლები, რომლებიც კრედიტის გაცემაში იღებდნენ მონაწილეობას. ძალიან მარტივი რამე დადასტურდა, არავის არავინ არ მოუტყუებია, კოლეგიურად შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და არავითარ თაღლითობას და ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. რაც დრო გადის, რაც სხდომები იმართება, მართლდება ის, რასაც ვამბობდით: ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ფულის გათეთრებას ადასტურებს. დღეს დადასტურდა, რომ არათუ ფულის გათეთრების მტკიცებულება არ არსებობს, თაღლითობის და მოტყუების ფაქტსაც არ ჰქონია ადგილი. ამავდროულად დადასტურდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველამ თქვა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისი არამარტო „თიბისი ბანკს“ შეეხო, მოწმეებმა ძალიან დეტალურად ისაუბრეს, რომ „სამგორის“ შემთხვევა არ იყო გამონაკლისი და ზოგადი პრობლემა იყო. ამ საქმეს იურიდიული საფუძველი არ აქვს, დანარჩენი საფუძველი ვნახოთ“, - განაცხადა კორძაძემ.