„თბოელექტროსადგური „გარდაბანი 2“ არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ახლო მომავალში საქართველომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი გადაჭრას, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, „გარდაბანი 2“ უნიკალურია თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა.
„საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განხორციელებული პროექტი „გარდაბანი 2“ უნიკალურია თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა. საბაზისოდ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ახლო მომავალში საქართველომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი გადაჭრას”, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
ცნობისთვის, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული თბოსადგური სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.
გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გივი ბახტაძემ და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანმა.
მათი ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ერთობლივი პროექტით, 2015 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230 მეგავატის სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგური. გარდაბნის თბოსადგური განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.