საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე ჩიჩილაკისა და "კალანდას" შესახებ პრეზიდენტის ინიციატივები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე, ჩიჩილაკისა და "კალანდას" შესახებ, ჩემს ინიციატივებზე ვისაუბრეთ“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იდენტობის წარმოჩენისთვის.
„შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით, რომელიც ეხება გურიაში კალანდობას და ჩიჩილაკის მომზადების წესის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად. დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა, ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად.
ასევე, გავაცანით წლევანდელ წელზე დაგეგმილი სამუშაოების პროცესი, თუ რა იგეგმება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პრეზიენტმა გამოთქვა სურვილი, რომ მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება ისეთ გადაწყვეტილებებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპატრეზზე მუდმივად იქნება სახელმწიფოს და სააგენტოს მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორედ და სწრაფად წარიმართოს”, - განაცხადა ნიკოლოზ ანთაძემ.
ცნობისთვის, შესაბამისი ინიციატივით პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ, გურიაში სტუმრობისას გამოვიდა.