საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 13 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,პროფაინანსიზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.
2019 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ოქტომბერში - 50; ნოემბერში - 48; ხოლო ხოლო 18 იანვრის მდგომარეობით მათი რიცხვი 46-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 19-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 65 მისო იყო რეგისტრირებული.