ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა.

ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან ირკვევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორი იყო კომპანიის შემოსავლები და ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს.

როგორც 2018 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2018 წელს წმინდა შემოსავალი - 25,935 მლნ ლარი; მათ შორის იჯარის შემოსავალი - 25,816 მლნ ლარი; საოპერაციო მოგება - 18,098 მლნ ლარი; წლის ზარალი კი 18,320 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია 141,392 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.

„ისთ ფოინთის“ იურიდიული დასახელება - შპს „სი ბი დი დეველოპმენტია“, რომელიც დაფუძნდა 2010 წლის 25 მაისს. 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო EPGeorgia Holdings Limited (კვიპროსი), საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი Quadrum Investment Management Limited (კაიმანის კუნძულები), რომელიც, თავის მხრივ, ინვესტორების სასარგებლოდ მართავს კომპანიას და საბოლოო 100%-ის მფლობელი ოლეგ პავლოვია.

თაია არდოტელი