ირაკლი ღარიბაშვილი - 21-ე საუკუნის პროექტი იწყება

საქართველო სტაბილურ ტრანზიტულ ქვეყნად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია სანგაჩალის ტერმინალზე გაიმართა და მას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და დელეგაციების პირველი პირები დაესწრნენ.

"შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის" ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რის შედეგადაც თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.

"იწყება 21-ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია "შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის" განხორციელება. ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში, რაც გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სამხრეთის ნაკადის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ღონისძიებაზე დამსწრე დელეგაციების ხელმძღვანელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.