ბაზარზე მეწამული ფერის პომიდორი გამოჩნდა - Yoom-ი Fruit Logistica Innovation-ის ჯილდოს მოლოდინშია

ჰოლანდიურმა კომპანიამ „სინგენტამ“ ბაზარზე ახალი სახის კოქტეილის პომიდორი - Yoom-ი გამოიტანა. ამ ე.წ. კოქტეილის პომიდორს მეწამული ფერის კანი აქვს, რბილობი კი წითელი და ფორთოხლისფერია. ახალი სახის პომიდორი „სინგენტამ“ სპეციალური სელექციის მეთოდით მიიღო და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მან პოპულარობა ბაზარზე გამოსვლიდან მალევე მოიპოვა. Yoom-ის გემური თვისებები ტრადიციული პომიდვრისგან განსხვავებულია, მას როგორც მწარე, ასევე ტკბილი გემო აქვს. სწორედ ამიტომ მას კოქტეილის პომიდორს უწოდებენ.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პომიდორზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რამდენადაც ის მთელი წლის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე Yoom-ი ესპანეთში, საფრანგეთში, დანიაში, იტალიაში, ბელგიაში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში იყიდება. უკვე უახლოეს მომავალში კი „სინგენტა“ ინოვაციური პროდუქტის ექსპორტირებას შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გეგმავს.

მეწამული პომიდორი "Yoom" ექსპერტთა მიერ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ინოვაციური პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია Fruit Logistica 2020 საერთაშორისო გამოფენაზე.