საქართველოში ველოპარკები მოეწყობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუდაურსა და ბაკურიანში ველოპარკები მოეწყობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სლოვაკ სპეციალისტებთან ერთად, გუდაურში ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც მომავალ ზაფხულს ველობილიკები უკვე მზად იქნება. სხვადასხვა სირთულის საველოსიპედო მონაკვეთების შერჩევა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ველობილიკი არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს დაბა ბაკურიანსა და დაბა გუდაურის დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტებზე სეზონურობის გახანგრძლივებას. ბოლო პერიოდში საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. სწორედ ამ მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის, მთის ველო ტურიზმის განვითარება დაიწყო.