მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელძღვანელი ახალ „დიდ დეპრესიაზე“ საუბრობს

მსოფლიო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა თვლის, რომ მსოფლიო ეკონომიკას ახალი „დიდი დეპრესია“ ემუქრება. ამის გამომწვევ მიზეზად კი იმ სოციალურ უთანასწორობას და არასტაბილურ ფინანსურ სექტორს ასახელებს, რომელიც დღეს მსოფლიოშია.

პეტერსონის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ მსოფლიოს სავალუტო ფონდის ახალი კვლევის თანახმად, ახლა ფიქსირდება ტრენდი, რომელიც წააგავს 1920-იანი წლების სიტუაციას, რომელიც 1929 წელს კრახით დასრულდა.

გეორგიევას სიტყვებით, ბოლო 20 წელია უთანასწორობა ქვეყნებს შორის სულ უფრო მცირდება, თუმცა ამ ქვეყნებში მოქალაქეებს შორის უთანასწორობა ბევრად შესამჩნევი გახდა.

„მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში, ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 10%-ს იმაზე მეტი ქონება აქვს, ვიდრე მოსახლეობის 50%-ს. ეს სიტუაცია ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს“, - განაცხადა გეორგიევამ.

მანვე დასძინა, რომ ეს ტრენდი მას ახსენებს მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებულ სიტუაციას, როცა ტექნოლოგიებმა მოიტანა „20-იანი წლების გაფურჩქნული ეპოქა“, შედეგად კი ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

მან აღნიშნა, რომ ამ სხვაობას კარგად იყენებენ პოპულისტები, რამაც შესაძლოა, პოლიტიკური გადატრიალებები გამოიწვიოს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორობის აღმოფხვრაში მთავარი როლი უკავია სახელმწიფოს, არ შეიძლება ფინანსური სექტორის დაიგნორება, რომელსაც ასევე შეუძლია როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური გავლენის მოხდენა.

გეორგიევას განცხადებით, პროტექციონიზმი და კლიმატური პრობლემები სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ფინანსურ მოწყვლადობასა და სოციალურ არასტაბილურობას მომავალში. მისივე თქმით, აშშ-ევროპას შორის სავაჭრო დავები გვიჩვენებს, თუ რამდენად არის საჭირო მსოფლიო ვაჭრობის სრულყოფა.

კოკა კვირკველია