„საქსტატი“ - 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ საქონლით საგარეო ვაჭრობის 2019 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და მასზე მოდის მთელი ექსპორტის 18.2 პროცენტი. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 303.0 მლნ. აშშ დოლარით (8.0 პროცენტი).

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).