2019 წელს თხილის ექსპორტი 10.6%-ით გაიზარდა. ამის სესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 67 მლნ აშშ დოლარის თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ამასთან, მთავრობის ცნობითვე, 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.