კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო.

ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 299,671 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,876 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 5,254 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 37,858 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ბანკებმა 21,032 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი