მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10,940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.