ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და რუსეთთან ფრენები აღდგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეზღუდვის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, როდის მოიხსნება შეზღუდვა, თუმცა საღი აზრიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნის მოლოდინი აქვს.
„შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მათ მართალია გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები აღარაა დღის წესრიგში. თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მოლოდინი მაქვს, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს“, - აღნიშნა თურნავამ.