საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2020“ 16 ქართული კომპანია მონაწილეობს

ბერლინში მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2020" (Gruene Woche 2020) ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი მონაწილე ქვეყნების დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს მხარდაჭერით გამოფენაში 16 ქართული კომპანია მონაწილეობს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩაი, მშრალი ხილი.

2020 წელს, გამოფენის ,,მწვანე კვირეული“ პარტნიორი ქვეყანა ხორვატიაა. გამოფენის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრები გამართა ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ევალდას გუსტასთან, ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის საკითხთა მინისტრთან არვო ალერთან, ბელორუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან, ანატოლი ხოტკოსთან და აღნიშნული ქვეყნების დელეგაციების წევრებთან.

გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მხარეები წარმატებულ გამოცდილებას გააზიარებენ, საუბარი შეეხო ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიის, თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების და ირიგაციის მიმართულებებს.