გორში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა დაიწყო

გორში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზემო ნიქოზში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი, რომელსაც 16 000 ლარი მოხმარდება, ადგილობრივებმა დღეს გამართულ სოფლის კრებაზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. შეხვედრას მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020“- ის ფარგლებში პროექტების შერჩევა ზემო ნიქოზიდან დაიწყო. გარდა ზემო ნიქოზისა, დღეს საერთო კრებები კიდევ 4 სოფელში ტარდება. მოსახლეობასთან შეხვედრები იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება",-ნათქვამია ინფორმაციაში. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ქვეყნის მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების, სხდომების და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ლინკზე: http://gori.gov.ge/