Honda და Toyota ბაზრიდან 6,1 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

იაპონური საავტომობილო კომპანიები Honda და Toyota ბაზრიდან 6,1 მილიონ ავტომობილს გაიწვევენ. ორივე შემთხვევაში პრობლემა უსაფრთხოების ბალიშებში არსებულ ხარვეზებს ეხება.

Honda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაწვევას დაექვემდებარება 2,7 მლნ ავტომობილი, როგორც Honda-ს ბრენდის, ასევე Acura-ს ცალკეული მოდელები, რომლებიც 1996-2003 წლის პერიოდშია გამოცემული. პრობლემა ფიქსირდება Takata ფირმის უსაფრთხოების ბალიშებში, რომლებიც შესაძლოა, სათანადოდ არ გაიხსნას ან არასწორად გაიხსნას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

როგორც ცნობილია, Takata სკანდალში 2014 წელს აღმოჩნდა. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ამ კომპანიის მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშები ავარიისას შეიძლება სწორად არ გაიხსნას, გასკდეს ან სალონში მსხდომი ადამიანების მისამართით გაისროლოს მეტალის ნაკუწები. სააგენტო Associated Press-ის შეფასებით, მსგავსი ინციდენტების გამო მსოფლიოში სულ ცოტა 23 ადამიანია გარდაცვლილი. ჯამში კი ამ დეფექტიანი უსაფრთხოების ბალიშების გამო მსოფლიოს მასშტაბით უკვე გაწვეულია 100 მილიონზე მეტი ავტომობილი.

Honda-სთან ერთად ავტომობილებს იწვევს Toyota-ც. აქაც მიზეზი უსაფრთხოების ბალიშებია. გაწვევას 3,4 მილიონ ავტომობილი დაექვემდებარება.

Reuters-ის ინფორმაციით, გასაწვევი ავტომობილების დიდი წილი შტატებზე მოდის - 2,9 მილიონი. გაწვევას ექვემდებარებიან 2011-2019 წლებში წარმოებული მოდელი Corolla, 2011-2013 წლების Matrix და 2013-2018 წლების Avalon და Avalon Hybrid.

კოკა კვირკველია