საქართველოდან რეკორდული ღირებულების ციტრუსი გავიდა ექსპორტზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 21 მლნ აშშ დოლარის ციტრუსი გავიდა ექსპორტზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს მონაცემი 44.4%-ით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელმა 825.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით, 13%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.