Netflix-ის ხელმომწერთა რიცხვმა 167 მილიონს გადააჭარბა

ამერიკული კორპორაცია Netflix-ის ფასიანი სერვისით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 167 მილიონი ხელმომწერი სარგებლობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ 2019 წლის მეოთხე ფინანსური კვარტლის საანგარიშო მონაცემში წერია.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ამ საანგარიშო სამთვიან პერიოდში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, Netflix-მა 8,76 მილიონით მეტი ხელმომწერი იშოვა. წინასწარი პროგნოზით კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის ხელმომწერთა რაოდენობა 174 მილიონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლებმა 5,47 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 587 მილიონი.

შეგახსენებთ, Netflix-ი მომხმარებელს სტრიმინგ სერვისს უკვე მსოფლიოს 190 ქვეყანაში სთავაზობს. კომპანია 1997 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლოს-გატოსში, კალიფორნიაში. 2013 წლიდან Netflix-ი იღებს საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და სატელევიზიო გადაცემებს.

კოკა კვირკველია