"წიაღისეული და მისი სწორი და ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ჩვენ გავატარეთ წიაღის სექტორის რეფორმა. დავამტკიცეთ ახალი სტრატეგია და გავააქტიურეთ ეს მიმართულება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა.
„ამასწინათ, დავათვალიერე რამდენიმე ახლად გახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას ჩვენი მიდგომაა დავადგინოთ ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც.
„ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იქნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ერთ-ერთ ასეთ დარგად მინისტრმა კერამიკული წარმოება დაასახელა.
„ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.