წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ვაჟა-ფშაველას, მარშალ გელოვანის, აკაკი წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია და ბაგების უნივერსიტეტის ქუჩასთან სამანქანო ხიდით დაკავშირება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს დიდი თანხები დაიხარჯება და პროექტები, რომლებიც განხორციელდება, თვალში საცემი იქნება თბილისელებისთვის.
კერძოდ, მერის განცხადებით, წელს იგეგემება ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ასევე საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირის და მარშალ გელოვანის გამზირის, ასევე მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის სამუშაოები, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა, დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია.
„პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, ისე რომ ამ სამუშაობით გამოწვეული დისკომფორტი შევამსუბუქოთ და კოლაფსი არ გამოვიწვიოთ“, - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ 2019 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა.
„დედაქალაქის ბიუჯეტიდან არსებული გზების რეაბილიტაციაზე და ახლის მშენებლობაზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ პერიოდში დაიწყო ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიც არის: კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა , ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩის და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები.
ასევე დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაობს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მინდა ასევე ჩემს მოადგილეს სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც. პროექტი გასულ წელს შევიძინეთ და სამუშაოების უშუალო განხორციელება დღეს დაიწყო“, -აღნიშნა კალაძემ.