სააგენტო მონოპოლიების წინააღმდეგ

კანონით ისჯება არა დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, არამედ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

ქვეყანაში მონოპოლიების მოსპობა და კონკურენციის გაჯანსაღება მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო. კონკურენციის სააგენტოს სახელით შექმნილი უწყება, რომელმაც რეალურად ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქცია უნდა შეასრულოს, უკვე ხუთი თვეა არსებობს, თუმცა, ფაქტობრივად, ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე. კანონის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ თავისი უფლებამოსილების შესრულება 1-ლი ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვლება კერძო სექტორისთვის და რიგითი მომხმარებლისთვის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ და რამდენიმე კითხვით მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი ბარაბაძეს.

- დაახლოებით 5 თვეა კონკურენციის სააგენტო მოქმედებს. რა სამუშაო ჩაატარა სააგენტომ ამ პერიოდში?

- კონკურენციის სააგენტო 2014 წლის 14 აპრილს შეიქმნა ”კონკურენციის შესახებ” კანონისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე. ის განსაკუთრებული სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ კანონის მიღება და მისი აღმასრულებელი ორგანოს შექმნა ბაზრებზე კონკურენციას ვერ დაიცავდა, მაღალკვალიფიციური კადრებისა და მეორადი ნორმატიული აქტების გარეშე. მეტიც, თვით ”კონკურენციის შესახებ” კანონის თანახმად, უფლებამოსილებები ძალაში სრულად შედის მხოლოდ ამავე კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღების შემდეგ.

სწორედ ამიტომ, კონკურენციის სააგენტოს უპირატესი ამოცანა იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და მათი მიღების დაჩქარება. წლეულს 11 ივნისს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლების, ქართველი ექსპერტებისა და დაინტერესებული სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამ ჯგუფში მომზადდა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეთანხმების შემდეგ, მთავრობამ დადგენილებებით მიიღო ორი ნორმატიული აქტი (”კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები” და ”ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი”).

ამ ორი აქტის გარდა, 1-ელ ოქტომბრამდე კონკურენციის სააგენტოს მისაღები აქვს სხვა აქტებიც (”კონცენტრაციების შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი”; ”განცხადებასა და საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა”; ”ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები” და სხვ.). ამ ეტაპზე სააგენტო მუშაობს ”სამართლიანი ჯარიმების გამოთვლისა და დაკისრების წესის” შემუშავებაზე. მისი ექსპერტული შეფასებისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, უცხოელი სპეციალისტი დაიქირაოს.

კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას მაღალი კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის მქონე კადრები სჭირდება. სააგენტომ ჩამოყალიბების დღიდან დაიწყო მათი შერჩევა კონკურსის წესით. დღემდე რამდენიმე ეტაპად გაიმართა საჯარო კონკურსი და კადრების ნაწილიც შეირჩა. ამ პროცესის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

რაც უნდა მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს შერჩეული კადრი, მას აუცილებლად სჭირდება საკონკურენციო სამართლის სფეროში ევროკავშირსა თუ სხვა დაწინაურებულ ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილების გაცნობა. ამ მიზნით კონკურენციის სააგენტო თანამშრომლობს OEჩD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ბუდაპეშტის ოფისთან, რომლის ფარგლებში სისტემატურად ხდება კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე ტრეინინგების ორგანიზება. სააგენტოს თანამშრომლები ამაში აქტიურად არიან ჩართული. დიდი ყურადღება ექცეოდა და ექცევა კონკურენციის სააგენტოს ურთიერთობას მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ექსპერტებთან. ისინი ჩამოყალიბების დღიდან გვერდით დაუდგნენ სააგენტოს და რჩევებით მუდმივად ეხმარებიან.

-აქვს თუ არა ამ ეტაპზე ჩატარებული კონკურენციის სააგენტოს ბაზრის კვლევა, რომელიც ბიზნესსუბიექტებს შორის ბაზრის გადანაწილების სურათს ქმნის?

- კვლევებისთვის სააგენტოს, მაღალკვალიფიციური კადრების გარდა, შესაბამისი მეორადი ნორმატიული აქტებიც სჭირდება. ამდენად, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს არ აქვს სამართლებრივი, ლეგიტიმური ბაზა, რათა ბაზრების კვლევა დაიწყოს და ამ მიზნით ინფორმაცია გამოითხოვოს. ეს არ ნიშნავს, რომ სააგენტო არ ფლობს განსაზღვრულ ინფორმაციას ცალკეულ ბაზრების შესახებ საჯარო წყაროებიდან, თუმცა ეს არ კმარა ბაზრებზე არსებული მდგომარეობის სრულად შესაფასებლად. ამიტომ, სანამ მეორადი ნორმატიული აქტების მიღება არ დასრულდება, კონკურენციის სააგენტო კვლევისთვის აუცილებელი ინფორმაციების გამოთხოვას ვერ დაიწყებს.

- რა შეიცვლება კონკურენციის თვალსაზრისით ქვეყანაში 1-ლი ოქტომბრის შემდეგ?

- შეიცვლება ის, რომ ”კონკურენციის შესახებ” კანონი სრულად ამოქმედდება და სააგენტო უფლებამოსილებათა აღსრულებას დაიწყებს. ამან ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციასა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარებას. არ უნდა დავუშვათ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; უნდა დავიცვათ ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და სხვ.

- სააგენტო გამოავლენს დომინანტ ბიზნესსუბიექტებს?

- მეორადი ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ (2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან), სააგენტოს შეეძლება ბაზრების შესწავლა განცხადების და საჩივრის საფუძველზე, ან კიდევ საკუთარი ინიციატივით. ბაზრების კვლევამ შესაძლებელია წარმოაჩინოს დომინანტი სუბიექტები, თუმცა კანონმდებლობით ისჯება არა დომინირებული მდგომარეობა, არამედ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სანქციის მოცულობა მიბმულია ეკონომიკური აგენტის ბრუნვასთან. მეტიც, ”კონკურენციის შესახებ” კანონი ამბობს, რომ ბაზრის კონცენტრაციაც კი - თუ ის არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ემა ტუხიაშვილი