საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50$ მლნ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამა „უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ (Skills for Better Jobs Sector Development Program) აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმებით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია - ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული უნარების განვითარება და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის დანერგვა. განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ დაფარვასა და სისტემის ინკლუზიურობაზე გაკეთდება.
დღეს, პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, პროფესიული სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აზიის განვითარების ბანკმა ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა პროგრამის მოსამზადებელი ეტაპების, პროგრამის მიზნებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებების თაობაზე. პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავება 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება და ის 2020 წლის ბოლოს ამოქმედდება.
პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობასა და როლზე მოხსენება, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ წარმოადგინა.