ფოთში ავტომობილების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, ავტომობილების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მოხდება, რომლის წარმოება სრულად ორიენტირებულია ექსპორტზე და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზე. ამის შესახებ ონფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს სდტ ჯორჯია აშენებს, რომლის წარმომადგენელი ბიზნესმენი ჯიაკომო ძამატიო ანალოგიური ტიპის ქარხნებს ჩინეთში (ქ. სუჯოუ) და იტალიაში (ქ. მილანი) ფლობს.

ქარხანა შენდება ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე. ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. კომპანიამ უკვე გააგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის გაგზავნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილის თვეში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობას კომპანია "ეკოჰაუსი" განახორციელებს და მისი დასრულება 2020 წლის სექტემბერში იგეგმება.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებისა და საძირკვლის ჩაყრის ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ფოთის მერი გოჩა კურდღელია დაესწრნენ.