"ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისთვის ხელის შეშლა გამოიწვია, - ამის შესახებ ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელისა, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.
როგორც კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნავენ, სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.
“1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართველი ხალხი მიისწრაფოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისკენ. ამასთანავე, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიცემული პირობებისა ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ის თვალში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.
ამასთანავე, "ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოში ეკონომიკის ბუმს (აღმავლობას) გამოიწვევს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გააძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს",- ნათქვამია წერილში.