„ურბანული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა მხოლოდ ფასიანი სერვისების შემოღებას ემსახურება და მას არავითარი კავშირი არა აქვს ოფიციალურად გაცხადებულ მიზანთან“ - ასე აფასებს თბილისის მერის გუშინდელ განცხადებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი კობა ყალიჩავა.
„ეს იქნება იმ მახინჯი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც საჯარო მმართველობაში საბაზრო ელემენტების შემოღებას და საჯარო სერვისებისთვის ტარიფების დაწესებას გულისხმობს. როგორც წესი, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს. დაჩქარებული მომსახურებისთვის ტარიფების დაწესების მრავალწლიანმა პრაქტიკამ არქიტექტურის სამსახურში გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა. ახლა კი იგივეს ვაკეთებთ ურბანული სამსახურის სახით. ასეთი მომსახურების შემოღება მაშინ დგება დღის წესრიგში, როცა ე.წ. „რეფორმებით“სერვისების მიღების მაქსიმალურად გართულება ხდება, რომლის შემდეგ ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ გამარტივების შეთავაზებაც „სასურველია“ დიდი დეველოპერული კომპანიებისთვის.
2019 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მუდმივი კორექტირების საჭიროება, სატრანსპორტო და დენდროლოგიური პროექტების წარდგენის ფორმალური ვალდებულება, გეგმარებითი დოკუმენტების დამტკიცებისთვის საჭირო ვადის გაზრდა, უსაფუძვლო ხარვეზებისა და უარების სტატისტიკა „ძალიან კარგ“ საფუძველს ქმნის ფასიანი მომსახურების შეთავაზებისთვის. ამ შემთხვევაში საბაზრო ელემენტების შემოღება იმას გულისხმობს, რომ გამარტივებაზე/დაჩქარებაზე, როგორც „საქონელზე“, მოთხოვნის ზრდა განაპირობებს ფასის წარმოქმნას. საზოგადოებრივი ინტერესის და ქალაქის გააზრებულად განვითარების მიღწევა კი ამგვარი დაჩქარებული სერვისებით შეუძლებელია“ - აცხადებს კობა ყალიჩავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა კახი კალაძემ 1-ლი მარტიდან ურბანული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა დააანონსა, რომლის მიზეზად მან „ერთი სარკმლის“ პრინციპის შემოღება დაასახელა.