წლის ბოლომდე რუსეთიდან 90 მლრდ.გავა

როგორც Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფი წერს, გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ინგლისიდან გამოსული ინფორმაციები.

პირველ რიგში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრებით, ქვეყნიდან გაედინება უცხოური კაპიტალი. ციფრმა უკვე შეადგინა 50 მილიარდი ამერიკული დოლარი. ხოლო წინასწარი მონაცემით, 2014 წლის ბოლომდე რუსეთიდან გავა მთლიანობაში 90 მილიარდი დოლარი, რაც ძალიან მძიმედ აისახება რუსეთის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია ნავთობის ფასის კლება ბირჟებზე.

ანალიტიკოსების აზრით, თუ ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასმა დაიკლო ბარელზე 88 დოლარამდე, ბიუჯეტი უკვე დეფიციტური გახდება და წამყვანი რუსული ინდექსები დაეცემიან დაახლოებით 50 პროცენტით. ამ ნეგატიური ინფორმაციების ფონზე კი რუსულმა რუბლმა განაახლა ისტორიული მინიმუმები და აშშ დოლართან მიმათებაში მიაღწია 38.5 ნიშნულს, ხოლო ევროსთან - 50 ნიშნულს.

შეერთებულ შტატებში კი სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა კვლავ შემცირდა 10 მილიარდი დოლარით და ამჟამად იგი ყოველთვიურად შეადგენს 15 მილიარდს. შეგახსენებთ, რომ სისტემამ უკვე ზედიზედ მეშვიდედ შეამცირა ფულის ემისია და საბოლოო ჯამში ეს პროცესი შეწყდება ოქტომბრის თვეში. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ბოლოდროინდელი დადებითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ბაზრის მონაწილეების უმრავლესობა ელოდა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გაზრდიდა საბაზისო პროცენტს, რომელიც ამჟამად შეადგენს 0.25-ს. თუმცა სისტემა მის შეცვლას ახლო მომავალში არ აპირებს. მის აწევას სისტემა გეგმავს მომდევნო ორი წლის მანძილზე. კერძოდ, წინასწარი მონაცემით მომდევნო 2015 წელს საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.23 პროცენტს, ხოლო 2016 წლისთვის კი - 2.55 პროცენტს.

რაც შეეხება ინგლისს, ბაზრის მონაწილეები ელოდნენ შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს და მისი გამოცხადების შემდეგ შეიძლება ითქვას შვებით ამოისუნთქეს. შოტლანდია კვლავ რჩება დიდი ბრიტანეთის ნაწილი. შესაბამისი რეაგირება მოახდინა ბაზარმა.

ფუნტ სტერლინგი ევროსთან მიმართებაში გაძლიერდა და მიაღწია ორ წლიან მაქსიმუმს, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში მოიმატა 200 პუნქტით და მიაღწია 1.65 ნიშნულს. დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა ასევე აქციების ბაზარზე, სადაც ყველაზე მეტი ზრდა ანახა Royal Bank of Scotland და Lloyds-ის ფასიანმა ქაღალდებმა, რომელთა ცენტრალური ოფისებიც მდებარეობს შოტლანდიაში.

მომზადებულია კომპანია Admiral Markets ანალიტიკური ჯგუფის მიერ

http://www.admiralmarkets.ge/