თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ავიარეისებს Etihad Airways-ი იწყებს

თბილისი - აბუ დაბის მიმართულებით ავიარეისებს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალური ავიახაზები, Etihad Airways-ი იწყებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველი რეისი 2015 წლის 2 ოქტომბერს შესრულდება. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალურ ავიახაზებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს Routes Silk Road 2014-ს უკავშირდება, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხადაჭერით 6-8 ივლისს თბილისში უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, Routes Silk Road 2014-ის შედეგად მოხდა Etihad Airways-ის საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რის შემდეგაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და TAV Georgia-მ ერთობლივი ძალისხმევით აწარმოეს აქტიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიას წარმომადგენლებთან. მიმდინარე პროცესში ასევე ჩართული იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რამაც ხელი შეუწყო მოლაპარაკების საბოლოოდ წარმატებით დასრულებას.

Etihad Airways-ი ავიარეისებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას A320 ეარბასის ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს, რომელსაც 16 ბიზნეს კლასისა და 120 ეკონომ კლასის ადგილი აქვს.

Etihad Airways-მა ფრენები 2003 წელს დაიწყო და მან 2013 წლის მონაცემებით 11.5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა აბუ დაბის გავლით შუა აზიის, აფრიკის, ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ამერიკის 110 მიმართულებით.