ციხისსოფელში მისასვლელი გზა გაიჭრა და მზის პანელები დამონტაჟდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისსოფელში იმყოფებოდა, სადაც მზის პანელები დამონტაჟდა და სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გაიჭრა.დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, მან დასრულებული სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად შეაფასა.

მათივე ინფორმაციით, მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატია, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად. ადგილობრივი მოსახლეობა მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით სარგებლობს.

მერიის ცნობით, მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების ინვენტარიზაცია, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 67 ოჯახს უკვე გადაეცა მზის პანელური სისტემები. „აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს სოფელ ციხისსოფელში, სადაც მისასვლელი გზა არ არსებობდა, მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად 3 კილომეტრიანი სამანქანე გზა გაიჭრა, რის შედეგადაც ადგილობრივები მაღალი გამავლობის მანქანით დაბრკოლების გარეშე გადაადგილდებიან.

შესრულებული სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო პროექტის ღირებულებამ 19793.60 ლარი შეადგინა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.