Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

ქალის სამოსის ფრანგული ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.

ცნობისათვის, Promod-ი Adress-ის ჯგუფში შედის, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური შემომყვანია.

Promod-ის პირველი მაღაზია თბილისში 2011 წელს პეკინის ქუჩაზე გაიხსნა. შემდეგი იყო თბილისი მოლი. თუმცა პეკინის ქუჩის გაცალმხრივების გამო, Adress-ის ჯგუფმა ფილიალის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად შემცირებული გაყიდვები დაასახელა. Promod-ი ამ დრომდე მხოლოდ ერთი მაღაზიით იყო წარმოდგენილი და იანვრის ბოლოს მასაც ხურავს. ბრენდის ბაზრიდან გასვლის გამო ბრენდის თბილისი მოლის მაღაზია მომხმარებელს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს.

Promod-ი არ არის Adress ჯგუფში შემავალი პირველი ბრენდი, რომელიც საქართველოს ბაზარს ტოვებს. თავდაპირველად ბაზრიდან გავიდნენ Orsay და Celio, უკვე შემდგომ კი Garry Weber-ი.

ფრანგული ბრენდი Promod-ი 1975 წელს დაარსდა. დღესდღეობით, Promod-ი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც, ამავდროულად, წარმოდგენილია 27 სხვადასხვა ქვეყანაში, 600-ზე მეტი მაღაზიით.