საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის, თემაზე: „შრომითი დავები არბიტრაჟში“, მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის მრგვალი მაგიდა თემაზე: „შრომითი დავები არბიტრაჟში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისათვის ასევე მოწვეულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთევან მესხიშვილი და ანა გოგიშვილი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს შრომითი დავების არბიტრაჟუნარიანობის, საარბიტრაჟო პროცესის და არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების თავისებურებები.

როგორც შეხვედრის შეჯამებისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლაშა ნოდიამ განაცხადა, ქვეყანაში საარბიტრაჟო ინსტიტუტების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს საზოგადოებისათვის, ასევე თითოეული მოქალაქისათვის.

„განვითარებულ ქვეყნებში არსებული ტენდენციები ცხადყოფს, რომ არბიტრაჟის როლი სულ უფრო მზარდია და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს რეალობაში, როდესაც სასამართლოს გადატვირთულობა სხვა დავებთან ერთად, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის შრომითი დავების დროული გადაწყვეტის მიზნებისათვისაც და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემასთან მჭიდრო კომუნიკაციით მუდმივი დიალოგი არბიტრაჟის ინსტიტუტის შემდგომი მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის“,-აღნიშნა ლაშა ნოდიამ.