„ცენტრ პოინტის“ 5 ასაშენებელი ობიექტიდან 2-ზე ვაწარმოებთ უკვე მოლაპარაკებას და გვყავს კონკრეტული ინვესტორები, ესენია „ანაგი“ და „თბილი სახლი“, 3 ობიექტზე კი არ იყო გამოკვეთილი ინვესტორები. ამის შესახებ თბილისი მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დეველოპერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ის დეველოპერები, რომლებიც თავისი მასშტაბით ამგვარი მოცულობის პროექტებს შეესაბამებიან.
„ჩვენ „ცენტრ პოინტი“ დავყავით ორ ძირითად მიმართულებად. ერთი არის ის ბინები და ის სახლები, სადაც მოსახლეობა უკვე შესულია, თუმცა ეს კორპუსები დასასრულებელი და გასარემონტებელია. მეორე მიმართულება არის 5 ობიექტი, რომელიც ასაშენებელია. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა 5 ასაშენებელი ობიქტიდან 3 ობიექტს. დღეს ჩვენ დავუძახეთ დეველოპერების იმ ნაწილს, რომლებიც თავისი მასშტაბებით შეესაბამებიან ამგვარი მოცულობის პროექტებს, ინფორმაციები წარვუდგინეთ ამ სამ ობიექტთან დაკავშირებით, ველოდებით მათგან გამოხმაურებას. იმ კომპანიებთან, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს და მზადყოფნას, რომ განახორციელონ ეს პროექტები, გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე. ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ მთელი ეს პროცესი იყოს 3-3,5 წლიანი ყველა მიმართულებით, რომ ამ პერიოდში დასრულდეს პროექტები. ჩვენი მიზანი და გეგმაა, რომ არ დარჩეს „ცენტრ პოინტის“ მიერ არც ერთი დაზარალებული და არა მხოლოდ „ცენტრ პოინტის“, არამედ საერთოდ არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები თბილისში. თუ არცერთმა დეველოპერმა არ გამოხატა დაინტერესება, მაშინ გვექნება სხვა გეგმები, რომლის მიხედვითაც აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტებს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისი თქმით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულად ამჟამად მოიაზრება 6500 ოჯახი, რომელთა 80% იმ შვიდ ობიექტში ცხოვრობს, რომელიც გასარემონტებელია, დანარჩენები კი ობიექტების აშენებას ელოდებიან.