დამოუკიდებელი დეპუტატები ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ამის შესახებ ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ფინანსთა მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს, აზარტული თამაშების სფეროს რეგულირებაა.
„აზარტული თამაშების, ონლაინ კაზინოების რეგულირების თემა არამარტო სენსიტიურია, არამედ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მოაქალაქეების და თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან ხშირ შემთხვევაში, აზარტული თამაშებით გატაცება ტრაგიკულად სრულდება ხოლმე. ჩვენი ფრაქციის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ჯერ კიდევ 2017 წელს მოახდინა. პროექტი, ძირითადად რეკლამის შეზღუდვას ეხებოდა, თუმცა, უმრავლესობამ ჩააგდო ეს კანონპროექტი, პრაქტიკულად შეაჩერა. ამის შემდეგ ფინანსთა სამინისტროსგან იყო შემოთავაზება, რომ უფრო გაფართოებული კანონპროექტი ჰქონდათ მომზადებული, რომელსაც შემოიტანდნენ პარლამენტში, მაგრამ ამ დოკუმენტს მზის სინათლე არ უნახავს.
შესაბამისად, როდესაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ფრაქცია შევქმენით სათამაშო ბიზნესის საკითხი ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. ჩვენი ფრაქცია მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. გვინდა დავუსვათ კითხვები თუ რა ხდება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება სახელისუფლებო გუნდიდან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აზარტული თამაშის კომპანიების ლობირება,“- განაცხადა კობერიძემ.