გოგი თოფაძე რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მინის ბოთლებზე ქვეყანაში მოთხოვნა დიდია, პროდუქტის წარმოება აუცილებლობასაც კი წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საწარმოს ტერიტორიაზე გოგი თოფაძე თავდაპირველად საკონსერვო ქარხნის გახსნას გეგმავდა. თუმცა, ამჟამად ბიზნესმენი ამბობს, რომ უპირატესობას მინის ქარხანას ანიჭებს.
„ვფიქრობდი, რომ საკონსერვო ან მინის ქარხანას გავაკეთებდით. თუმცა, პირატესობას მინის ქარხანას ვანიჭებ. იმიტომ, რომ ბოთლები იმპორტით შემოგვაქვს და სამმაგი გვიჯდება. ჩვენთან მხოლოდ ერთი მინის ქარხანაა, რომელსაც თურქი ინვესტორები ამუშავებენ. არადა, ქვეყანაში 5 საწარმო გვქონდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მინის ქარხნის გაკეთება. მითუმეტეს, ამდენი მეღვინე გაჩნდა. ამასთან, როგორც ვიცით, მალე საერთოდ აიკრძალება პოლიეთილენის ბოთლების გამოყენება და სულ უფრო მოთხოვნადი გახდება მინა. ჩვენ რუსთავის ტერიტორიაზე 5 ჰექტარი და ყველა საჭირო პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ საწარამო მოეწყოს. დაინტერესება არის, უბრალოდ, მე მირჩევნია ადგილობრივი ინვესტორი იყოს“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.