ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით, -ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კაკავამ განაცხადა, რომ ამ კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზებული გაცვლა მეგობარ ქვეყნებთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, უკეთესად მოხდეს საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, ასევე, შემცირდეს კერძო სექტორის დანახარჯები ვაჭრობაში.
როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საბაჟო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.
„ეს გამოიხატება გაყალბებული საქონლის იმპორტთან, ტრანსნაციონალურ კრიმინალთან და ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან, სხვა სერიოზული სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წლის მანძილზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, რისკების მართვის სისტემის საშუალებით მებაჟე ოფიცრების მიერ აღმოჩენილი და აღკვეთილია საქონლის უკანონო გადაადგილების არაერთი ფაქტი. გასული წლის მონაცემებით, გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის - 20 403, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6755, მათ შორის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანის 314 შემთხვევა. ასევე, გამოვლინდა ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი მოქალაქის შეჩერების ფაქტი,“ - განაცხადა ლევან კაკავამ.
მან ასევე, ისაუბრა სამართლიანი და გამჭვირვალე საბაჟო ადმინისტრირების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, სამსახურის სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილია.
სიტყვით გამოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საბაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგშია ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებთან.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერილი პროგრამები და პროექტები საშუალებას იძლევა საბაჟო სამსახურმა უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებსა და მსოფლიოში ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს.